“საბედისწერო დღეს მოწმეები გაქრნენ”- რა ახალი გარემოებები სახელდება გურამ დადიანიძის საქმეში…
2014 წელს, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმეში, ახალი გარემოებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
საგამოძიებო სიუჟეტი “სანდო წყარომ” მოამზადა, რომელშიც საქმის ყველა ვერსიასა და აქამდე უცნობ ფიგურანტებზეა საუბარი.
სიუჟეტის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ პირებზე, რომლებიც მოზარდის გაუჩინარების დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით, საქმის მასალებიდან და საჯარო სივრციდან პრაქტიკულად გაქრნენ.
“გურამ დადიანიძე, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს, ყველა ბავშვისგან ითხოვდა ტელეფონს, რათა ეთამაშა, რადგან იქ თვითონ არ ჰქონდა მაშინ მობილური ტელეფონი. შემდეგ ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა მობილურში, ვისაც გამოართვა გურამმა ტელეფონი, საკონტაქტო პირებში წაშლილი იყო მისი ტელეფონის ნომერი და სახელი…”- ამბობს კახა გელაშვილი ჩვენებაში.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიის დროს გაუჩინარდა. მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს.
ბოლო პერიოდში, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. არსებული ინფორმაციით, გამოიკითხნენ საქმესთან დაკავშირებული პირები. ოჯახი და ადვოკატები გამოძიებისგან ყველა შესაძლო ვერსიის სრულყოფილად შესწავლას მოითხოვენ.
- კომენტარები














